English / ქართული / русский /
ცირა მიქატაძენინო გრიგოლაია
ტრანზაქციული ხარჯები: გამოწვევები და შესაძლებლობები მენეჯერებისთვის

 ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტრანზაქციული დანახარჯების წარმოშობა და მნიშვნელობა. მაღალი ტრანზაქციული ხარჯები იწვევენ საქმიანი აქტივობის შემცირებას და ფირმის ქცევის სერიოზულ მოდიფიცირებას. ამიტომ საჭიროა ოპტიმუმის ძიება. ასვე საჭიროა სწორი არჩევანი ბაზართან ურთირთქმედებისას წარმოშობილ დანახარჯებსა და ამ ტრანზაქციების ფირმის შიგნით განხორციელებსთან დაკავშირებულ დანახარჯებს შორის, რათა შემცირდეს დანახრჯების ჯამი და საერთო ეკონომიკური მიზანი იქნეს მიღწეული.

საკვანძო სიტყვები: ტრანზაქცია, პარტნიორები, კონტრაქტი, ალტერნატივა, განუსაზღვრელობა, აუტსორინგი. 

***

 ბაზართან ურთიერთქმედებისას ფირმაში წარმოიშობა ტრანზაქციული ხარჯები. მათი აღმოჩენა ეკუთვნის როლანდ კოუსს 1937 წელს.  ამ ხარჯებს მიეკუთვნება: პარტნიორთა მოძიება და კონტროლი, ხელშეკრულების შესრულება, თავდებობა, გარანტია ხარჯების სორტირებაზე, აგენტთა დაქირავება, შუამავლების ანაზღაურება. ამ ხარჯებს ხშირად ადარებენ ენერგიის ხარჯს ხახუნის დაძლევაზე მექანიკურ სისტემაში. ხახუნის დაძლევა, მაგალითად, საათის მექანიზმის მუშაობის მიზანი არ არის, მაგრამ მის გარეშე საათი გაჩერდება.

ზოგადად, ტრანზაქცია ასახავს ეკონომიკური დოვლათის ან მასზე უფლების გადაცემას ერთი პირიდან მეორეზე. ტრანზაქცია შეიძლება იყოს როგორც შიგა საფირმო, ასევე საბაზრო. საბაზრო და შიგასაფირმო ტრანზაქცია ხშირად ხდება ერთმანეთის ალტერნატივა. მაგალითად, ფირმას შეუძლია მანქანის ზოგიერთი კვანძი აწარმოოს  ფირმის შიგნით და შესაბამისად, წარმოიშობა შიგა საფირმო ტრანზაქცია. მაგრამ ასევე შეუძლია გარეთ შეიძინოს იგივე კვანძი, რის საფუძველზეც წარმოიშობა საბაზრო ტრაზაქცია. ამგვარი ალტერნატივა ბადებს შესაბამის ხარჯებს და ფირმა არჩევანის წინაშეა, რომელი ხარჯი იქნება უფრო მცირე. ტრანზაქციების სიძვირის წყაროდ მიჩნეულია:

- ინფორმაციის მოპოვების ტევადობა. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის დანახარჯები, რომლებიც ძირითადად დახარჯული დროით იზომება. ფირმას შეუძლია რეკლამის ინფორმაციული ფუნქციით გადაწყვიტოს მწარმოებლისთვის უფრო ფასეული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს მოთხოვნაზე, გემოვნებაზე, ტექნოლოგიებზე, კონკურენტებზე, რომელთა მიღება უკავშირდება თანამშრომლების, შუამავლების, კონსულტანტების ანაზღაურებას და დაჯილდოებას.

- მეორე წყაროა ოპორტუნიზმი - ინფორმაციის დამალვის,  დამახინჯების, მოტყუების მექანიზმების გამოყენება. რთულია პარტნიორების არაკეთილმოსურნეობითი ძალისხმევის ამოცნობა.

- მესამე არის ის, რომ ეკონომიკის სუბიექტთა ანალიტიკური შესაძლებლობები  შეზღუდულია რაციონალურობით (ირჩევს საუკეთესოს იმათ შორის, რაც მოიპოვა).

ტრანზაქციული ხარჯების არსებობა განისაზღვრება სუბიექტური ფაქტორებით და ძლიერდება ისეთი ობიექტური ფაქტორებით, როგორიცაა: ტრანზაქციის რიცხვის ზრდა, განმეორებადობის სიხშირე, გაურკვევლობა, მომავლის განუსაზღვრელობა და აქტივების სპეციფიკურობა. ამ უკანასკნელს მაშინ აქვს ადგილი, როცა მყიდველს სპეციალიზებულ პროდუქტზე ერთ გამყიდველთან აქვს კონტრაქტი, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალიზებულ მოწყობილობას იყენებს. მათი ასეთი მჭიდრო კავშირის გამო მომავლის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ოპორტუნისტული ქცევა, როცა ერთი მხარე ცდილობს მეორეზე უპირატესობის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ტრანზაქციის დანახარჯები ძალზე მაღალია. როცა ტრანზაქციის დანახარჯები მაღალია, მაშინ კომპანიამ თავად უნდა აწარმოოს პროდუქცია ან მომსახურება. თუმცა, ფირმის შიგნით ოპერაციების განხორციელება უკავშირდება გარკვეულ დანახარჯებს, როგორიცაა: თანამშრომლების დაქირავების, სამუშაოს შესასრულებლად მონიტორინგის და ხელმძღვანელობის დანახარჯები. დამქირავებლებს შეუძლიათ, სტიმულების გამოყენების გზით, შეამცირონ ეს დანახარჯები, ეფექტიანობის გასაზრდელად   გამოიყენონ ბონუსები, სხვადასხვა სახის სარგებელი და დანამატი ან კიდევ, თანამშრომლებისთვის აქციების ყიდვა ოფციონით. ასეთი პოლიტიკა ახალი თანამშრომლების მოსაზიდადაც გამოიყენება. მომგებიან კომპანიებში აქციების ზრდის კვალობაზე იზრდება თანამშრომლების კეთილდღეობა.

როგორც ირკვევა,  გარე ტრანზაქციების და შიდა ტრანზაქციების დანახარჯები ქმნის მთლიან დანახარჯებს და იგი მცირდება მაშინ, როცა კომპანია აღმოაჩენს, რომ ზოგიერთი ოპერაციის ინტერნალიზაცია ეფექტიანია. მენეჯერმა რესურსები ისე უნდა გაანაწილოს გარე ტრანზაქციებსა და შიგა ოპერაციებს შორის, რომ მთლიანი დანახარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს. თუ ტრანზაქციის დანახარჯები კონკრეტულ პროდუქტსა და მომსახურეობაზე უფრო მაღალია, ვიდრე შიგა აქტივობის განხორციელების დანახარჯი, მაშინ კომპანიისთვის ამ კონკრეტული აქტივობის განხორციელება ხელსაყრელია ფირმის შიგნით. ბაზრის ზრდის კვალობაზე გაფართოებული მოთხოვნა ახალ ფირმებს საშუალებას აძლევს დასპეციალდნენ იმ საქმიანობაში, რომელსაც ადრე სხვა ფირმები თავიანთი საჭიროებისთვის აკეთებდნენ, შედეგად ჩნდება ახალი კომპანიები და ინდუსტრიები. მაგალითად, დასუფთავების სერვისი, უსაფრთხოების სერვისი იმართება სპეციალიზებული ფირმების მიერ.

ჯორჯ სტიგლერის დასკვნით, ინდუსტრიის გაფართოების კვალობაზე კომპანიები, რომლებიც ყველაფერს აწარმოებდნენ ფირმის შიგნით, განიცდიან ,,ვერტიკალურ დისინტეგრაციას’’, რასაც მოჰყვება ტრანზაქციული დანახარჯების შემცირება.

ახალ ფენომენად მიიჩნევენ ბიზნესის ძირითადი საქმიანობის აუთსორინგს.  მიუხედავდ იმისა, რომ არაძირითადი აქტივობების აუთსორინგი დიდი ხანია არსებობს, საკმაოდ გავრცელებულია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის და მომსახურების აუთსორინგი და ეს ხორციელდება მხოლოდ ერთი ქვეყანაში, შიგნით.

ცნობილია, რომ პროდუქციის და მომსახურების გაადგილებას სხვა ქვეყანაში ოფშორინგს უწოდებენ. დღეს გაიზარდა ტექნიკური სერვისის ქოლცენტრების, ადამიანური რესურსების და სამართლებრივი მომსახურების, ინჟინერინგის, კვლევების ოფშორინგი. მათი უპირატესობის საკითხი ეკონომისტებს შორის ძალზე წინააღმდეგობრივია.

არსებობს ტრანზაქციული ხარჯების კლასიფიკაციისადმი რამდენიმე მიდგომა. პირველი ეხება მათ დაყოფას სამომხმარებლო და საწარმოო ხარჯებად. მომხმარებლის როლში არა მხოლოდ კერძო პირები გამოდიან, არამედ ფირმებიც. ამიტომ თითეული ფირმა ორივე ტიპის ხარჯებს გასწევს.

ტრანზაქციული ხარჯები შეიძლება იყოს მუდმივი და ცვალებადი. ცვალებადი იზრდება ტრანზაქციათა რიცხვის ზრდის  კვალობაზე. მუდმივი  არაა დამოკიდებული ტრანზაქციის მოცულობაზე და შედგება გარიგებათა მართვის სტრუქტურების შექმნის ხარჯებისგან. განასხვავებენ გარიგების წინ და გარიგების მიმდინარეობისას წარმოშობილ ტრანზაქციულ ხარჯებს.

გამოყოფენ  სპეციფიკურ და აგენტთა ურთიერთდამოკიდებულების ხარჯებსაც. სპეციფიკური უკავშირდება იმ სპეციფიკურ აქტივს, რომელსაც მაღალი მწარმოებლურობა აქვს და მისი მფლობელისათვის რისკის მატარებელია. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი სხვა მიზნისთვის გამოყენება ან რეალური ფასით გაყიდვა. სპეციფიკური აქტივების დასაცავად საჭირო ხდება გრძელვადიანი კონტრაქტები, გარანტიები. აგენტთა ურთიერთქმედების ხარჯები მაშინ წარმოიშობა, როცა ერთი მხარე (აგენტი) მოქმედებს მეორე მხარის სახელით ან დავალებით  (პრინციპალი). პრინციპალმა იცის რა თეორიული შესაძლებლობა დაქირავებული თანამშრომლის არაკეთილსინდისიერი ქმედებისას, იყენებს კონტროლის სისტემას. დაქირავებულმა შეიძლება გარკვეული ხარჯი გასწიოს იმისთვის, რომ პრინციპალს დაუმტკიცოს მისი კეთილი ძალისხმევა.

ტრანზაქციული ხარჯები ახდენს ფირმის ქცევის სერიოზულ მოდიფიცირებას. ამისთვის აუცილებელია ოპტიმუმის ძიება, რადგან ამ ხარჯებს რეალურ ეკონომიკაში საკმაოდ დიდი ზომები აქვს. ოპტიმუმის ახალი გააზრება გაიგივებულია არსებულის მიღწევის გააზრებული ალტერნატივების არჩევანთან, არა როგორც ობიექტურად საუკეთესოსთან, არამედ მისაღებთან, როგორც საუკეთესო ვარიანტთან. ადაპტაციური ეფექტიანობა  არის უნარი ამ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტისა. მიუხედავად არჩევანის სიძნელისა, გადაწყვეტილებათა ჯაჭვს უნდა ჰქონდეს სწორი, ზუსტი მიმართულება.

პრაქტიკიდან ცნობილია, რომ მაღალი  ტრანზაქციული ხარჯების გამო მეწარმეები  ბევრ საქმიან წინადადებაზე უარს ამბობენ და ხშირად ამის გამო ამ ხარჯებს აისბერგს ადარებენ. წარმოების რელური მოცულობა დადებითი ტრანზაქციული ხარჯებისას ყოველთვის ნაკლებია, ვიდრე იდეალურ მოდელში. ამ დროს   პროდუქციის ერთეულზე ხარჯი მეტია, რაც იწვევს მიწოდების მრუდის მარცხნივ და ზემოთ გადაადგილებას. ამას კი მოჰყვება წონასწორობის ფასის გაზრდა და წონასწორობითი რაოდენობის შემცირება, ანუ ტრანზაქციული ხარჯები იწვევს საქმიანი აქტივობის შემცირებას და მეწარმეები უფრო ნაკლებ გარიგებას ახორციელებენ.

 შიგა ოპერაციების დანახარჯებსა და გარე ტრანზაქციებს შორის არჩევანი  რელევანტურია. თუმცა რევოლუციურმა გამოგონებებმა ინტერნეტის სახით მნიშვნელოვნად შეამცირა ტრანზაქციის დანახარჯები და უფრო მარტივი და ეფექტიანი გახადა კომპანიებისთვის, მათი საქმიანობის ნაწილის იმ ფირმებისთვის გადაბარება, რომლებიც კონკრეტულ ოპერაციებზე სპეციალიზდებიან. პარტნიორის მოძიება და კვლევა მნიშვნელოვნადაა გამარტივებული, ასევე სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ხელმისაწვდომია ინფორმაცია კრედიტუნარიანობაზე, სანდოობაზე, ფინასურ მდგომარეობაზე. სპეციალისტების აზრით, რ. ქოუზს სჯეროდა, რომ ამ დანახარჯების ახსნა ახალ ეკონომიკაში ფირმებს საშუალებას მისცემს მოახდინონ სპეციალიზაცია და გაზარდონ წარმოების მოცულობა, რადგან უფრო ეფექტიანი ხდებიან. წარმოიშობა უფრო მეტი მცირე ფირმები, ხოლო მსხვილი ფირმები კიდევ უფრო განმსხვილდებიან, რადგან შეეძლებათ აქცენტი გადაიტანონ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე და სხვას გადააბარონ ის, რისი კეთებაც არც თუ ისე კარგად გამოსდით.

ფირმა აკეთებს არჩევანს ბაზართან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილ დანახარჯებსა და ამ ტრანზაქციების ფირმის შიგნით განხორციელებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს შორის, რათა შეამციროს ამ დანახარჯების ჯამი. ეს კი შეესაბამება ფირმის საერთო ეკონომიკურ მიზანს.

ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას  ახდენს შემდეგი ფაქტორები: სამართლებრივი სისტემის მიერ  შექმნილი ეკონომიკური სტიმულები, სიმარტივე და წესების უნივერსალურობა, კორუფციის დაბალი დონე, მაკროეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ოპტიმალური საგადასახადო სისტემა, ეფექტიანი არაფორმალური წესები.                                  

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. პოლ გ. კიტი;  ფილიპ  კ.  იანგი. სტივენ  ი. ერფლი, მენეჯერული ეკონომიკა.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2019
  2. ერქომაიშვილი გ., ხარაიშვილი ე.,  ფირმის ეკონომიკა,  გამომცელობა ,,უნივერსალი’’, თბილისი,  2011
  3. ხარაიშვილი ე.,  მიქატაძე ც., დამენია ნ, დარგობრივი ბაზრების ეკონომიკა, გამომცემლობა , ,, უნივერსალი’’, თბილისი, 2010
  4. Oliver E. Williamson,Transaction-Cost E conomist:TheGovernance ofContravtual Relations,”journal os law and Economics,22 (October.1979)